logo
ENG



რატიანი: შატილის გზაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

31 აგვ 202015:23
3 წუთის საკითხავი
 
რატიანი: შატილის გზაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 3 პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორ მათგანს კარგი ნევროლოგიური სტატუსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჩაძახილზე ისინი თვალს ახელენ".

"მათი მდგომარეობა არის დადებითი კლინიკით, პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ  განყოფილებაში, მაგრამ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. ჰემოდინამიკა სამივე პაციენტთან აღდგენილია, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალს, მას გუშინ სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომაროება რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მართალია ძალიან გრძელი გზა ექნებათ გამოჯანმრთელების გასავლელი, მაგრამ იმედია, რომ მათთან ერთად გადავლახავთ ამას", - თქვა რატიანმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა