საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის ერთი თვით გაგრძელების მოთხოვნის მოტივაციას განმარტავს.
გავრცელებულ განცხადებაში უწყება ამბობს, რომ რადგან "საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ".
ეს არ შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვნებს, რადგან, პროკურატურის თქმით, "არასრულწლოვანთან მართლმსაჯულების კოდექსით", სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა, ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს:
"მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში. " - ამბობს უწყება.
პროკურატურა "ხაზგასმით აღნიშნავს", რომ რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვნებისთვის ახალი ბრალდების წარდგენას.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.
ფეხბურთელის საქმეზე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გადაკვალიფიცრდა გამოძიება და დაემატა ახალი მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა, ამ მუხლით ბრალი ჯერ არავის წარდგენია.
გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.