ცინიკური და შეურაცხმყოფელი იყო პრემიერის რეაგირება ოპონენტების მწვავე კრიტიკაზე. გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციას კურდღლებიც კი უწოდა. ბიძინა ივანიშვილის მთავრობის რიტორიკას ოპოზიციის მხრიდან დარბაზის დატოვება მოჰყვა. პრემიერის გაღიზიანება კი მოჰყვა კითხვებს, რომელიც 20 ივნისის სისხლიან დარბევას, პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებას, უმუშევრობის ზრდას, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასა და ზელიმხან ხანგოშვილის საქმეებს ეხებოდა.
„ქართული ოცნების" ე. წ ბრძოლა ფეიკნიუსის წინააღმდეგ ყოფილმა თანაგუნდელებმა დაგმეს. ოპოზიციამ სხდომაზე სხვა ფაქტებიც დაასახელა - რომელიც ადასტურებს რომ ხელისუფლება არჩევნებამდე მისვლას ბინძური მეთოდებით ცდილობს - მათ შორის არის ჟურნალისტების დაბარება სუს-ში, ოპოზიციის ლიდერების დაკითხვა და პარტიულ ოფისებზე თავდასხმა. გახარიას ტრადიცია არც აქ დაურღვევია - მწვავე კითხვებს „ტყუილების კორიანტელი" და „სიტყვების რახარუხი" უწოდა
წელიწადი და 5 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. დეპუტატმა ამ დანაშაულზე პასუხი გახარიას დღეს კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ეს ერთადერთი სამართლებრივი საქმე არ ყოფილა რომელზეც გახარიას ჰკითხეს - ოპოზიციამ მას ხანგოშვილის მკვლელობაც შეახსენა.
ხელმძღვანელს არც იუსტიციის მინისტრი ჩამორჩა - სწორედ მან გასცა პასუხი ნოტარიუს ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებულ შეკითხვას. გიგა ბოკერიამ წულუკიანის სიტყვით გამოსვლისას სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა, ასე მხოლოდ „ევროპული საქართველოს" ლიდერი არ მოქცეულა. პროტესტის ნიშნად გახარიას ანგარიშს ბიძინა გეგიძეც არ დასწრებია. დეპუტატს სიტყვით გამოსვლა სურდა თუმცა თალაკვაძემ გახარიას დალოდება ვერ აკადრა.