logo
ENG



რატომ შეხვდა სოციალური კომპანია გორბის დირექტორი ოცნების პიარკონსულტანტს

08 ივნ 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ პარტიული პიარი სულ უფრო აქტიური და აგრესიულიც ხდება. პიარ კონსულტანტისა და საზოგადოებრივი კვლევების ავტორის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვები ლაშა ნაცვლიშვილისა და მერაბ ფაჩულიას მხრიდან ტელეკომპანია „ფორმულაზე“ შეტევის საფუძველი გახდა.  ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომელიც ავტორიტეტულ „ენდიაის“ და „აიარაის“ წლებია, პოლიტიკური კვლევების ნაწილში ეჭვის თვალით უყურებს, ნდობას უცხადებს კვლევით ორგანიზაციას „გორბი“.

სოციალური კომპანია „გორბის“ დირექტორისა და მერაბ ფაჩულიას შეხვედრის ამსახველი კადრი მოძრაობამ „გხედავ“ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„სად იწერება გორბის კვლევები“ – ასეთია წარწერა ფოტოზე, რომელიც 7 ივნისაა გადაღებული. რატომ შეხვდა კვლევითი ორგანიზაციის დირექტორი ოცნების პიარკონსულტანტს? - მერაბ ფაჩულიამ „ფორმულას“ კითხვებს არ უპასუხა და გადამღები ჯგუფი ოფისიდან გამოაგდო.

ფოტოს ავთენტურობა დაადასტურა ლაშა ნაცვლიშვილმაც. მან პირადი კომუნიკაცია არ ისურვა და კითხვებზე პასუხი მოგვწერა. პირი, რომელსაც საქართველოში ტროლების ფაბრიკისა და პროსახელისუფლებო დეზინფორმაციის ერთ-ერთ ავტორად მოიხსენიებენ, ამბობს, რომ სოციოლოგებთან შეხვედრა მისი პირდაპირი მოვალეობაა.

 „გორბის“ ბოლო კვლევით, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ დაუკვეთა, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 55%-იანი მხარდაჭერა აქვს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმედის ეგზიტპოლს კომპანია „გორბი“ ჩაატარებს.

ოცნების დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სხვა სოციოლოგიურ კომპანიებსაც ხვდებიან. - მათ შორის ოცნების ვერცერთი დეპუტატი ვერ ასახელებს  თუმცა ფაქტია, მმართველი გუნდი ამ დრომდე არ შეხვედრია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ ამერიკულ კვლევითი ორგანიზაციის ედისონ რისერჩის წარმომადგენლებს, რომლებმაც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით უკვე ჩაატარეს პოლიტიკური კვლევის ორი ტალღა და საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლის ჩატარებასაც გეგმავენ.

ფოტო არ გაკვირვებია ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ეკა ბესელიას. ის ამბობს, რომ პარტიაში ყოფნის დროს კვლევების მხოლოდ შედეგებს აცნობდნენ, პროცესში კი ირაკლი კობახიძე იყო ჩართული.

წინასაარჩევნოდ შეკვეთილ კვლევებს არ გამორიცხავენ სხვა ოპოზიციური პარტიები. ისინი საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქართული ოცნების ცნობილ ფიასკოს იხსენებენ, როცა მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება წინასწარ, პირველივე ტურში იზეიმა. თუმცა მეორე ტური დაინიშნა.

ლაშა ნაცვლიშვილი „ფორმულას“ დაპირდა, რომ ყველა იმ შეხვედრის გრაფიკს გამოგზავნის, რომელსაც სოციოლოგიურ კომპანიებთან გამართავს. იქამდე კი მის პოზიციას ფეისბუქზე ტროლები და ბოტები იცავენ.

 


close დახურვა