logo
ENG



რაც ავლაპარაკდით ფეიკებზე, მით უფრო გაძლიერდა შემოტევა - მდინარაძე ხოშტარიას პასუხობს

28 ივნ 202000:47
3 წუთის საკითხავი
 
5v9t559egm1dgob.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე "ევროპული საქართველოს" წევრს, ელენე ხოშტარიას პასუხობს. შესაბამისი განცხადება მდინარაძის Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

ხელისუფლების წარმომადგენელი ხოშტარიას მიერ მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას გაუგებარს მიიჩნევს და ამბობს, რომ ოპოზიცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას მმართველ გუნდზე შეტევისთვის იყენებს. 

მდინარაძემ ოპოზიცია ისევ კრიმინალებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ფეიკნიუსებზე ალაპარაკდა, მათზე შეტევა გაძლიერდა.   

"რაც უფრო მეტად ავლაპარაკდით "ფეიკებზე" და მათ მხილებაზე, მით უფრო გაძლიერდა შემოტევა, რომელშიც უკვე კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ - რა თქმა უნდა ისევ ფეიკებით. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ განსაკუთრებით ამაზრზენია ახალგაზრდა, სპორტსმენი ბიჭის უდიდესი ტრაგედიის გამოყენება ამ შემოტევისთვის...

გუშინ მათი ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი ჩამეკითხა, სახელმწიფომ რატომ ვერ მოაგვარა ამდენი ხანი პრობლემა, რომ ქუჩაში გარჩევები და ჩხუბები აღარ იყოსო - ზუსტად ვერ ვციტირებ, მაგრამ კითხვა დაახლოებით ასე დაისვა. ვუპასუხე, რომ ეს პრობლემა მარტო ჩვენს ქვეყანას არ აწუხებს, ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც ასეთი პრობლემები არ არსებობს-მეთქი.

დანაშაული ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მართლაც ამოუწურავი პრობლემაა და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში - ამ კუთხით გავეცი პასუხი კონკრეტულ კითხვას, სიტყვა მკვლელობა კი საერთოდ არ მიხსენებია. ამის მიუხედავად, წამოვიდა ახალი საინფორმაციო შტურმი იმ კრიმინალური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომელსაც არა თუ ის აწუხებდა, როგორ შემცირებულიყო ძალადობა ქვეყანაში, არამედ თავად ძალადობდა ხალხზე და ახალგაზრდებს ქუჩაში კლავდა. ჯერ არ ვიცი შეცდომა იყო თუ არა აქამდე უამრავი სპეკულაციის და ტყუილის გატარება, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ისეთი ხასიათი მიიღო, რომ მისი იგნორირება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ხალხს და ქვეყანასაც დააზიანებს", - წერია მდინარაძის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გაკეტებული განცხადების გამო გააკრიტიკა. მანამდე კი მდინარაძემ თქვა, რომ ქუჩური გარჩევები ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა და ეს ყოველთვის მოხდება. 


close დახურვა