ივნისიდან რეაბილიტაციის გამო მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.
როგორც ქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, სამუშაოების მიმდინარეობისას ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა ორმხრივად შეეძლებათ.
რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, კალაძის თქმით, ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდიან.
"სამუშაოების დაწყებას ვაპირებთ ივნისის დასაწყისში. მანამდე მივაწოდებთ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ იქნება მიმდებარე ქუჩებზე და ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა. ეს კონკრეტული მონაკვეთი აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს იმიტომ, რომ მიწისქვეშა სამუშაოები ვაწარმოებთ დროულად. სამუშაოების პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება ამ ტერიტორიაზე. ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. დეტალურ ინფორმაცია საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდებათ. მესმის, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის გადაადგილების თვალსაზრისით ქალაქში, მაგრამ არ გვაქვს დასაკარგი დრო, გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება და მოწესრიგება სჭირდება"- თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, მელიქიშვილის გამზირზე შეიცვლება საკომუნიკაციო ქსელი, მოწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, ასევე, დამონტაჟდება ახალი ბოძები თანამედროვე ლედ ტიპის სანათებით. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები, ველობილიკები, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის.