სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის, ზაალ კაპანაძის თქმით, გოგელიას კლინიკას, სადაც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად სხვა პრეპარატი გაუკეთეს, იმუნიზაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა. კაპანაძის ინფორმაციით, კლინიკამ უკანონოდ დაახლოებით 35 მოქალაქე აცრა.
როგორც მან აღნიშნა, საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო რეგულირების სააგენტომ, პრეპარატი კი, რითაც მოქალაქეები აცრეს, ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.
რაც შეეხება ექიმს, ზაალ კაპანაძის თქმით, ის წარსულში თაღლითური საქმიანობისთვის ადმინისტრაციულად იყო დაჯარიმებული.
"კლინიკას არ ჰქონდა ამ საქმიანობის განხორციელების უფლება. აღნიშნულ პროცედურას ახორციელებდა ექიმი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა სერთიფიკატი და მას არ ჰქონდა უფლება საექიმო საქმიანობა განეხორციელებინა. აღნიშნული ექიმი უკანონო საქმიანობას 2020 წელს ახორციელებდა, რაზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში", -ამბობს კაპანაძე.
რაც შეეხება სანქციებს, კაპანაძის თქმით, სანქცია დაეკისრება როგორც კლინიკას, ასევე ექიმს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს გოგელიას სახელობის კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინით აცრეს.
კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის ვაქცინის ნაცვლად სხვა პრეპარატი გაუკეთეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, აცრაში მათ 75 ლარი ჰქონდათ გადახდილი.