უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, გერმანიის მიერ მიწოდებული IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
"უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქაა. აშშ-დან NASAMS-ები მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მეტი გვჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ უკრაინის ცა ჩვენი ხალხის გადასარჩენად"- წერს ის.
გუშინ, 11 ოქტომბერს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს.
***
უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში გუშინ, 10 ოქტომბერს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა.
სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა.