logo
ENG



რელიგიური ნიშნით შევიწროება ადიგენში - მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს

08 მარ 202420:54
3 წუთის საკითხავი
clock 433
2024/03/08/310drqygnd9cjma.jpg

ადიგენის ცენტრში მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. 

კერძოდ, დაპირისპირება იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, სახლის გარეთ ათეულობით პოლიცია და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც. თავად მიქელაძე, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე იმყოფება.

ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. მუფთი ახსენებს ადგილობრივ მღვდელს. ასევე, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ კვირასაც მოხდა.

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე პრემიერ ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ცუდი ფაქტი, იმიტომ, რომ თუ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, სახელმწიფომ უნდა მიხედოს მსგავს [შემთხვევას]. შესაბამისად, ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ, ეს ფაქტი დაახლოებით 1 წელზე მეტია პრობლემატურია, შესაბამისად, იყო საუბრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მე დღესაც მქონდა კონტაქტი და ამბობდნენ, რომ ამ საკითხს მოაგვარებენ, თუმცა პრაქტიკულად რეაგირება არ არის და შესაბამისად, ფაქტი, რაც ვნახეთ სასულიერო პირების გამონათქვამებით, მართლმადიდებლური მრევლის გამონათქვამებით, მუქარებით, ვფიქრობ, არ მოიტანს კარგს და მოვუწოდე დღეს პრემიერმინისტრს, ვცდილობ დავუკავშირდე, პირადად ავუხსნა ეს თემა, სიმძიმე საკითხის, რომელიც აქ დგას და შესაბამისად, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემის მომასწავებელი.

აუცილებელია, საპატრიარქომ საკუთარ სასულიერო პირებს მიხედოს, შესაბამისი მითითებები მისცეს, რომ არ შეიძლება ადამიანების დისკრედიტაცია, მსგავსი დამოკიდებულება. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, რომ საკუთარი სახლი იქნება თუ სამლოცველო, სადაც მას სურს შეასრულოს ლოცვა, ამაში წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს, არ აქვთ უფლება. [...] ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, იმიტომ, რომ აქ იყო მუქარები, იმ ადამიანებს პრაქტიკულად ემუქრებათ საფრთხე, იმიტომ რომ ის ვინც თავს ესხმოდა დღეს, სასულიერო პირების ჩათვლით, იმუქრებოდა და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, რომ ცუდი სანახავი იყო.

მოვუწოდებ სახელმწიფოს, რომ სამართლებრივად შეაფასოს ეს. როგორც ვიცი და გამაგებინეს, მუსლიმები გადაიყვანეს ახალციხის პოლიციის სამმართველოში, ჯერ ამბობენ, რომ არ არის გამოძიება დაწყებული. არ ვიცი, იქ რა მდგომარეობა და რა ზეწოლებია ამ ადამიანებზე, ესეც ძალიან სერიოზული პრობლემებია და ვიცი, ახლა როგორ დაიწყებენ ზეწოლებს მათზე. ეს საკითხი დათმობას არ ექვემდებარება. თუ ჩვენ მსგავსს საკითხებს გავატარებთ, არასდროს არ გვექნება ამ ქვეყანაში სიმშვიდე და კეთილდღეობა", - ამბობს ნაკაიძე.


close დახურვა