აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.
ქალაქ შარლოტში გამართულ პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად მაიკ პენსი წარადგინეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 336-მა დელეგატმა მიიღო.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა არჩევნებზე კენჭისყრისთვის ფოსტის გამოყენების მეთოდი, რასაც კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობას დემოკრატები სთავაზობენ. მან ოპონენტები არჩევნების მოპარვის მცდელობაში დაადანაშაულა.
"ერთადერთი გზა, რის საშუალებითაც მათ შეუძლიათ ჩვენთვის ამ არჩევნების წართმევა, არის ის, თუ ეს გაყალბებული არჩევნები იქნება", - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპს დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან.