თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ისან-სამგორში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ფოტოებს ავრცელებს და მე-19 საუკუნის ისტორიული საფლავების განადგურებაზე საუბრობს.
როგორც თეოლოგი წერს, ტაძრის რესტავრაციის დროს განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რომლებიც შესწავლილი არ იყო.
გიორგი ტიგინაშვილი ალავერდელი მიტროპოლიტის, მოსაყდრე შიოსა და კათოლიკოს პატრიარქის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრის დე-ფაქტო ხელმძღვანელობიდან ალავერდელი მიტროპოლიტი უნდა გადადგეს, ხოლო პატრიარქმა და მისმა მოსაყდრემ საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადონ.
„წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე (საერო სახელი - ბაღდო) არხოზიშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში:
1) აღნიშნული კადნიერებისა და მავნებლობის შედეგად განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო.
2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის უნიკალური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება", - წერს ტიგინაშვილი.