აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივი მთავრობის სახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს "20-კაციან ბანდას" და "მარგინალებს" უწოდებს. მისივე თქმით, პარტია და "გაქცეული ბელადი" არ ღირს იმად, რომ აჭარაში მათ უსაქციელობაზე ლაპარაკობდნენ.
პირველი დეკემბრის აჭარის მთავრობის სხდომა თორნიკე რიჟვაძემ სტვენისა და შეძახილების ფონზე გახსნა. სწორედ სხდომის დაწყებამდე გააკეთა მან მოწონდებები აქციის მონაწილეების მიმსამართით.
"გუშინ, რადგან ერთი რიგითი ბათუმელიც შეწუხდა ე.წ. მარგინალების ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ 20-კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს იმად, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა.
ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს, ნათესავს კიდევ ოჯახში შეშვება. საბოლოო ჯამში, ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობლები საკუთრ შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის სახლთან დღესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. "გაგვცეს, რატომ მოპარეს ამომრჩევლებს ხმები", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
დემონსტრანტებმა მთავრობის სახლთან დღესაც, გუშინდელის მსგავსად, მიიტანეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით: "თორნიკე, გამოდი ხალხთან", "თორნიკე მონა".
დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.