„ჩვენ გვაქვს საბჭოთა რკინიგზა“ - ამის შესახებ, „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ გადაცემაში „ბიზნეს ფორმულა“ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანია ევროკავშირის დირექტივებს არ ასრულებს, მათ შორის სარკინიგზო სააგენტოს შექმნის კუთხით. „ევროპული სტანდარტების რკინიგზა, უნდა ექევემდებარებოდეს ევროკავშირის წესებს, რაც უშუალოდ გულისხმობს, დეცენტრალიზაციას, ცალკე სარკინიგზო სააგენტოს შექმნას, ინფრასტრუქტურული ორგანოსა და ოპერატორების გამიჯვნას, ასევე კერძო სექტორის დაშვებას, რაც თავისთავად ჯანსაღი კონკურენციის დანერგვას ნიშნავს. ამის შემდეგ, ნებისმიერ კერძო კომპანიას ექნება საშუალება თავად შეიძინოს მოძრავი შემადგენლობა, ინფრასტრუქტურა ჩიხებისა და სხვადასხვა ლოჯისტიკური ცენტრების სახით“ - ამბობს ვასო ურუშაძე. „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულელბების შესრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზა გამარტივებულად შევა გადაზიდვების ბაზარზე, რაც განავითარებს, როგორც რკინიგზის სექტორს, ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. „საქართველოს რკინიგზის" საოპერაციო შემოსავლები 2012 წლის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა ტვირთების დაკარგვის გამო. კერძოდ, ბოლო ხუთ წელში ტვირთების ტრანსპორტირება შემცირდა 26%-ით, ტრანზიტი - 10%-ით, ექსპორტი - 23%-ით, იმპორტი - 38%-ით, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვები 44%-ით. ამავე პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის და გატარების შესაძლებლობამ 60%-ით იკლო, ხოლო სატრანზიტო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლები განახევრდა. მიუხედავად შემოსავლების მკვეთრი კლებისა, რკინიგზის საოპერაციო ხარჯები 27%-ით არის გაზრდილი, ხოლო სახელფასო ფონდი - 52%-ით.