logo
ENG



როგორ აგროვებს ოცნება ხმებს ზესტაფონში და რა სქემით მუშაობს კრიმინალთან - შაბათის ფორმულა

12 თებ 202221:51
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ გაარკვია როგორ აგროვებს ქართული ოცნება საჭირო ხმებს ზესტაფონში და რა სქემით მუშაობს კრიმინალებთან. 

ირკვევა, რომ ზესტაფონში ოცნების ხმების საუკეთესო შემგროვებელს მმართველმა პარტიამ მადლობა სოლიდური ქონებით გადაუხადა. კერძოდ სკოლის ტერიტორიის ნაწილი, კანონიერი ქურდის შვილს და კრიმინალურ ავტორიტეტს, ბესიკ თოლორაიას ადგილობრივმა მერიამ 49-წლიანი იჯარით გადასცა. ახლა აქ აფთიაქი და სუპერმარკეტია, საიდანაც თოლორაია, როგორც შენობის მესაკუთრე, სოლიდურ შემოსავალს იღებს.

შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ 300 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია გრძელვადიანი იჯარით, თოლორაიამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღო.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების ზესტაფონის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი შალვა კიკნაველიძე თოლორაიას მეგობარია და სწორედ ის პირია, ვინც წინასაარჩევნოდ მის კრიმინალურ გავლენებს იყენებს და ხმების მობილიზებისთვის დავალებებს აძლევს.

სქემაში, რომლითაც მმართველი პარტია ზესტაფონში, არჩევნებზე ხმების მობილიზებას ახდენს, 3 მთავარი მიმართულებაა: პოლიტიკური დაკვეთა, კრიმინალური გავლენა, ფინანსები.

სქემა: პოლიტიკური დაკვეთა ცენტრიდან, ანუ თბილისიდან მოდის. ეს მიმართულება დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს აქვს ჩაბარებული. სამხარაძეს ექვემდებარება შალვა კიკნაველიძე, რომელიც ზესტაფონში ქართული ოცნების რეგიონული ოფისის თავმჯდომარეა. სწორედ ის აკავშირებს ცენტრს ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტთან, ბესიკ თოლორაიასთან, ის კი კიკნაველიძის დავალებით მოსახლეობასთან მუშაობს. მესამე და ერთ-ერთი მთავარი რგოლი ფინანსებია, რომელსაც ზესტაფონში გავლენიან ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა კურიერებს.

მიწა, რომელიც გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს მანამდე 5-წლიანი იჯარით ჰქონდა, 2021-წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, იჯარის ვადა უკვე 49 წლით გაიზარდა.


close დახურვა