ჯანდაცვის სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაამტკიცა.
ძირითადი რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაცული უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული წესები:
ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება;
აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა (უსაფრთხო დისტანციის, სულ მცირე, 2 მეტრის დაცვით);
რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენება.
გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით:
ერთიან შესასვლელთან განხორციელდება თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გაკონტროლდეს როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ისე - მეთვალყურეთა და აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, იმოქმედეთ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. მაქსიმალურად შეამცირეთ მეთვალყურეთა რაოდენობა ან გამოიყენეთ როტაციის პრინციპი იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები;
მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);
რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის გამოყავით სარეზერვო სექტორი;
ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);
განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო გამოსაცდელებისათვის - ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში;
ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;
უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისათვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;
მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;
სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
სამუშაო ადგილებზე დადგით ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;
გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს (მათ შორის, ღილაკებს, კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველებს) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით;
სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი ხსნარის გამოყენება, რომელიც არ დააზიანებს კომპიუტერის ეკრანს (მაგ., ხელის სანიტაიზერი, რომელიც სპირტის გარდა გლიცერინს შეიცავს, ამ მიზნისათვის არ გამოდგება);
გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები (გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა) საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით (საყურადღებოა, რომ პერსონალმა ნიღაბი უნდა გამოიცვალოს და ხელები დაიმუშაოს შესაბამისი პერიოდულობით).
საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესები:
სამუშაოდ გამოიყენეთ სექტორის მხოლოდ 50%;
სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყავით გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით;
მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა.
მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:
უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:
· სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;
· განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით; კონდიცირება დასაშვებია სესიის დაწყებამდე, გამოსაცდელების სექტორში შესვლის დაწყების პერიოდამდე.
· პირველ სესიამდე შეიძლება პირდაპირ ჩაირთოს კონდიციონერი, თუ წინა დღეს სესიის ბოლოს მოხდა სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და განიავება.
გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 300С-ს.
კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი;
კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სივრცეში მყოფი პირებისკენ;
კონდიციონერის მუშაობის პროცესში აუცილებელია ფანჯრების ღიად დატოვება, ეს ხელს უწყობს საგამოცდო სივრცეში ჰაერის გარედან შემოდინებას და ინფექციის გადაცემის რისკის შემცირებას.
უწყისში გამოსაცდელების მიერ ხელმოწერისა და პასუხების ფურცლების შეგროვებისას გასატარებელი ღონისძიებები:
ყოველი სესიის დასრულების შემდეგ მეთვალყურემ კალმების, პასუხებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების აკრეფისა და დათვლის პროცედურამდე და ამ პროცედურის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა (დამუშავება სანიტაიზერით, ან დაბანა საპნითა და წყლით).
საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავება:
ოპერატორებმა, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, პასუხების ფურცლები უნდა დაამუშაონ (ამოლაგება პაკეტებიდან და დასკანერება) 2 დღიანი კარანტინის შემდეგ და ნამუშევრები დაასკანერონ ხელთათმანებით, სხვა შემთხვევაში უნდა დაიმუშაონ ხელი შესაბამისი პერიოდულობით.
საგამოცდო ცენტრის დალაგება:
საგამოცდო ცენტრი დაალაგეთ თითოეული სესიის დაწყებისა და დასრულების შემდეგ;
გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;
სესიის დაწყების წინ საგამოცდო ცენტრი დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
დაასუფთავეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ., საგამოცდო სექტორიდან) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;
მაგიდების გამჭვირვალე ბარიერები და სხვა მცირე ზედაპირები დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარში (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი ხსნარი) დასველებული ჩვრით ან შესაბამისი დანიშნულების ერთჯერადი ხელსახოცით;
იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების ხსნარის გამოყენება;
საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;
დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები).
აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.
საგამოცდო ცენტრის სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:
სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, აუცილებელია დადგენილი წესით ყოველი სესიის წინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (სესიის მიმდინარეობის პერიოდში) და ყოველი სესიის დასრულების შემდგომ;
საპირფარეშოს დალაგება აუცილებელია სველი წესით და სარეცხი საშუალებებით წმენდის შემდგომი დეზინფექციით სათანადო წესით;
დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია:
· ნიღაბი;
· ერთჯერადი ხალათი;
· სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
· თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).
თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:
რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);
თუ გამოსაცდელს 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.50С-მდე (37.40С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCRტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:
· თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
· იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
· 37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში:
· თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCRტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
· თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
· თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.
ცენტრის პერსონალის ვალდებულებები:
· დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
· სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
· სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
· ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
· გამოიყენეთ 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
· მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
გამოსაცდელთა ვალდებულებები:
· საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;
· საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი:
ა) სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
ბ) საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
გ) სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
დ) საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას;
ე) 370С - ზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად PCR ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა).
· მითითების შემთხვევაში დაიმუშავეთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
· მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია;
· დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.