logo
ENG



როდის მორჩება თბილისის 165-ე სკოლის რეაბილიტაცია - მშობლები სამინისტროსგან ვადებს მოითხოვენ

11 სექ 202320:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/11/3wo3qnkpl8ypx73.png

თბილისის 165-ე სკოლის მოსწავლეების მშობლებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი განათლების სამინისტროსგან კონკრეტულ ვადებს მოითხოვენ, როდის დასრულდება სკოლის რეაბილიტაცია. მათი თქმით, სარემონტო სამუშაოები სასწავლო დაწესებულებაში 4 წელია მიმდინარეობს და დასრულების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

განათლების სამინისტრომ მოსწავლეები სხვა სკოლებში გადაანაწილა.

როგორც მშობლები ამბობენ, სამინისტრომ მათი შვილების უფლებები დაარღვია, რადგან მოსწავლეები შემცირებული საგაკვეთილო პროცესების გამო, შესაბამის ცოდნას სკოლაში ვეღარ იღებენ.

მშობლები ალტერნატიული ფართის გამოყოფას მოითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო სკოლის გახსნის კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს.

"ჩვენ გვინდა განათლების სამინისტროსგან და დირექტორისგან ვადების გაწერილით დოკუმენტი, რა პრობლემები წარმოიშვა, რამდენ ხანში დასრულდება და თუ ვერ სრულდება [სარეაბილიტაციო სამუშაოები] ვითხოვთ ალტერნატიულ შენობას"- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს საჯარო სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, რაზეც მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ "ამ პროცესს გაგებით შეხვდნენ"

"ამას ახსნა არ უნდა, რომ ვერ მოხდება იმ სკოლის რეაბილიტაცია, მითუმეტეს ახლიდან აშენება, თუ არ მოხდა სასწავლო პროცესის გადატანა ახლომდებარე სკოლებში. ასეთი დაახლოებით 200 სკოლაა. გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს"- ამბობს ამილახვარი.

ვადაგადაცილებულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით 15 სექტემბერს აქცია დააანონსეს თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმაც.


close დახურვა