logo
ENG



როდის უნდა ჩატარდეს კოვიდ19-ზე ტესტირება - მაია ბუწაშვილის განმარტება

21 ნოე 202021:55
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/21/cnp5eu7puedeee4.jpg

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ პირობებს განმარტავს, თუ როდის უნდა ჩატარდეს კორონავირუსზე ტესტირება. როგორც ბუწაშვილი Facebook-ზე წერს, ტესტირება კოვიდინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტის შემდეგ 5-7 დღეში უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება რისკი, რომ PCR ტესტი ნეგატიური იყოს. 

სპეციალისტმა აგრეთვე ანტისხეულების ტესტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტესტის გაკეთებას მიმდინარე ინფექციის დასადგენად აზრი არ აქვს, რადგან ანტისხეულების ტესტის მთავარი ამოცანა გადატანილი ინფექციის გამოვლენაა. 

"თუ კოვიდზე ტესტირების მიზანია დავადგინოთ, ხომ არ დავინფიცირდით კორონავირუსის მქონესთან კონტაქტით, ტესტირება სასურველია ჩატარდეს ბოლო კონტაქტიდან არ უადრეს 5-7 დღისა. ამ ვადაზე ადრე ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ვირუსი გამოვლინდეს. თუ პასუხი დადებითია, ეს, ცხადია, ადასტურებს კოვიდს, მაგრამ თუ პასუხი უარყოფითია, კიდევ რჩება რისკი, რომ ბოლო კონტაქტიდან 12 დღის ჩათვლით გამოვლინდეს ინფექცია. ტესტირება უნდა ჩატარდეს ცხვირ-ხახის ნაცხის გამოკვლევით PCR-ით ან ანტიგენით.
ზოგჯერ ადამიანები ამ მიზნით ანტისხეულების ტესტს იტარებენ. საქმე იმაშია, რომ ანტისხეულების ტესტის გაკეთებას ამჟამად მიმდინარე ინფექციის დასადგენად არა აქვს აზრი იშვიათი გამონაკლისების გარდა, როცა PCR ტესტი უარყოფითია და ეჭვი მაინც არსებობს, რომ კოვიდთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ანტისხეულების ტესტის გაკეთების ვადებს - ხშირად ამ ტესტს ადამიანები ნაადრევად იკეთებენ და როდესაც პასუხი უარყოფითია, უკვირთ, რატომ არ აღმოაჩნდათ. ანტისხეულების ტესტის მთავარი ამოცანაა გამოავლინოს გადატანილი ინფექცია. IgM და IgG ანტისხეულები ჩნდება ინფექციის დაწყებიდან 1-3 კვირის 6განმავლობაში, ანუ შეიძლება პირველივე კვირას გაჩნდეს, მაგრამ ზოგჯერ მათ გამომუშავებას შესაძლოა 3 კვირაც დასჭირდეს. ამიტომ ანტისხეულების ტესტის გაკეთება ჯობია არ ვიჩქაროთ და შესაძლო ინფიცირების პერიოდიდან 3 კვირა მაინც დავიცადოთ", - წერს ბუქაშვილი

გარდა ამისა, ბუწაშვილი ამბობს, რომ ადამიანების დიდ ნაწილს კოვიდ19-ის გადატანის მიუხედავად ანტისხეულები, შესაძლოა, საერთოდ არ გამოუმუშავდეს და იმუნური პასუხი სხვა მექანიზმით განუვითარდეს. 

"ამიტომ ანტისხეულების არ არსებობა ბოლომდე ვერ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანა. ასევე ხშირად გვეკითხებიან, სიმპტომების დაწყებიდან როდის ჯობია PCR ტესტის ჩატარება. სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღეს PCR ტესტი შეიძლება ცრუ უარყოფითი იყოს. ტესტით ვირუსის გამოვლენის შანსი მნიშვნელოვნად მატულობს სიმპტომების დაწყებიდან მესამე დღეს.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ისე გადაიტანს ვირუსს, რომ სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება. ზოგჯერ ასეთ ადამიანებს შემთხვევით ტესტირების დროს უვლინდებათ PCR დადებითი. ხშირად ვირუსის კონცენტრაცია ასეთ დროს დაბალია და მაგალითად, მეორე ან მესამე დღეს გადამოწმების შემთხვევაში, ვირუსი აღარ ვლინდება ხოლმე. ასეთ დროს ადამიანები ედავებიან ლაბორატორიას, სადაც დადებითი შედეგი გასცეს. სინამდვილეში კი, შეიძლება ვირუსი უბრალოდ უკვე გაუქრათ და ლაბორატორია, სადაც დადებითი პასუხი გაიცა, სრულიად მართალია.

მოკლედ, მაგალითად, C ჰეპატიტის `PCR ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან სწორხაზოვანია და თუ ადამიანი ინფიცირებულია, ცალსახად იძლევა დადებით შედეგს, კოვიდის შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდეს გამოკვლევის ვადებს და გამოკვლევის შედეგი მთლიანად დამოკიდებული იყოს ტესტირების დროის სწორ შერჩევაზე", - ამბობს მაია ბუწაშვილი. 


close დახურვა