„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერვრი რომან გოცირიძე, საქსტატის ახალ მონაცემებს აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ინფლაციის ზრდის შეჩერების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის პიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს.
„ძალიან სავალალო მდგომარეობაა. ინფლაცია იზრდება, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ლარის გაუფასურებას. ღებულობენ საშინელ ბიუჯეტს, მოახდინეს ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში და შიდა ვალი აიღეს 400 მილიონი ლარის ოდენობით. ნაცვლად იმისა, რომ მიეხედათ ლარის სტაბილურობისთვის, პირიქით აუფასურებენ ლარს. მეორე მხრივ, 2020 წლის ბიუჯეტიც ასეთივე პრინციპითაა, არ იძლევა ფასების სტაბილურობის შესაძლებლობას და ინფლაციის ზრდის შეჩერების არანაირი მექანიზმი არ აქვს ხელისუფლებას,“ - აცხადებს გოცირიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების პირობებში, ეკონომიკა ვერ იზრდება ისე, რომ ზრდამ ხარჯებს გაასწროს.
„როცა ქვეყანას არ ეზრდება შემოსავალი და იზრდება ფულის მასა, რომელიც ტრიალებს ბაზარზე, რა თქმა უნდა ფულის გაუფასურება ხდება. ფულის გაუფასურება ნიშნავს ლარის კურსის დაცემასაც, პროდუქტების გაძვირებასაც. ეს არის მთავარი პრობლემა, ქართული ოცნების პირობებში, ვერ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა ისე, რომ ზრდამ ხარჯებს გაასწროს,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
საქსტატის, ინფორმაციით, ინფლაციის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდაა. სურსათის ჯგუფში ფასები 13.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი).