„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება.
ინიციატივა მან პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შალვა თადუმაძის დიპლომია. გიგა ბოკერიას მიმართვაზე კი, დაესახელებინა სამი კურსელი, თადუმაძემ უარი განაცხადა.
„მე მინდა მივმართო თქვენს ჯგუფელებს, მეგონა რომ 10-20 კაცი იქნებოდით, მაგრამ თქვენ თქვით, რამდენიმე ათეული - 100, თუმცა, რასაც ვაპირებ, მაინც გავაკეთებ. მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ აორთქლდება, მაგრამ მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ თქვენი კურსელი იყო, ოღონდ არ მომატყუოთ. მე ხელში თქვენი დიპლომი მექნება და ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში. თუ რამდენი გამომეხმაურება, შედეგებს აუცილებლად მოგახსენებთ,“ - განაცხადა გოცირიძემ, რომელსაც თავის მხრივ, თადუმაძე, შეკრების დაორგანიზებას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ დიპლომის მიხედვით, თადუმაძე 1994 წელს დაარსებულ სასწავლებელში 1993 წელს ჩაირიცხა.