აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთი წლების განმავლობაში არღვევდა და საბოლოოდ უგულებელყოფდა ბირთვული არსენალების შეზღუდვის შესახებ New START-ის ხელშეკრულებას, რის გამოც ვაშინგტონი ახალი შეთანხმების მოძიებაზე გადავიდა.
რუბიომ უარყო ბრალდებები, თითქოს შეერთებული შტატები ახალი ბირთვული შეიარაღების რბოლას უწყობს ხელს და აღნიშნა, რომ არსებული შეიარაღების კონტროლის სისტემა სწორედ რუსეთის ქმედებებმა დაანგრია.
„რუსეთმა 2023 წელს შეწყვიტა New START-ის შესრულება, მანამდე კი წლების განმავლობაში არღვევდა მის პირობებს. ხელშეკრულებას მინიმუმ ორი მხარე სჭირდება“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ის წინაშე არჩევანი იდგა: ან ცალმხრივად გაეგრძელებინა შეთანხმების დაცვა, ან ეღიარებინა, რომ New START-ის ეპოქა დასრულდა.
