„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილის იმედოვნებს, რომ დღევანდელ სასამართლოზე სხდომაზე „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება მოხდება.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, თუ რურუას გაათავისუფლებენ, ეს საპარლამენტო ოპოზიციას შესაძლებლობას მისცემს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ და 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ჩაითვალოს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ გიორგი გათავისუფლდება საპყრობილედან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და 8 მარტის შეთანხმება ჩაითვალოს შესრულებულად. ეს მოლოდინი აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა შეგახსენოთ განცხადებები, რომელიც გაკეთდა სენატში, ევროპარლამენტში და მინდა მოვუწოდო დღეს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჩარევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რადგან დღეს დამოუკიდებელმა სასამართლომ შეიძლება მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს იქნებოდა გიორგი რურუას გათავისუფლება პატიმრობიდან“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურად იმართება. სასამართლო სხდომათა დარბაზში მხარეები იმყოფებიან, პატიმარი გიორგი რურუა კი პროცესში გლდანის ციხიდან, ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთვება. დღეს ასევე დანიშნულია ოპოზიციის შეხვედრა 14:00 საათზე. ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმედოვნებენ, რომ რურუა ხვალ გათავისუფლდება.