საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა პარლამენტში დღეს გაიმართება. პროცესში მონაწილეობის მიღებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატები აღარ აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ პირველი მოსმენით პროექტს მხარი იმ პირობით დაუჭირეს, რომ შემდეგ მოსმენამდე „მთავარი არხის“ მეწილე უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა გიორგი რურუა ისევ პატიმრობაშია.
„ქართული ოცნება“ ისედაც პასუხისმგებელია იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილი არ არის დღემდე შესრულებული - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. გიორგი რურუა დღემდე რჩება ციხეში. თუ „ქართული ოცნება“ გაიმეორებს იმ სცენარს, რაც იყო ნოემბერში, ის სრულად იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ მთლიანად ჩაიშალა ამჯერადაც შეთანხმება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია უცვლელია - სანამ რურუა საპატიმროს არ დატოვებს, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
„გაათავისუფლებთ რურუას. დღეს იქნება, თუ ხვალ, ამას ჩვენ ვნახავთ, ვინაიდან ივანიშვილს არ აქვს რესურსი კონსტიტუციის ჩაგდების. ახლა ამაყობენ სამით მეტი ვართო, სამით კი არა კორონავირუსი რომ დაემატოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს და დააჭერინებს პულტზე ხელს. ის მიიღებს კონსტიტუციას იმიტომ, რომ არის ძალიან სერიოზული ზეწოლა გარედან, შიგნიდან და ერთხელ უკვე გამოსცადა საკუთარ ტყავზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.