logo
ENG



რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება - ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

02 ივლ 202012:28
3 წუთის საკითხავი
clock 646

„8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს“, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას, გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია.

ამასთან, პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან როგორც რიგით მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე საერთშორისო პარტნიორებს.

„პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტებისა ძალისხმევით და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის. მადლობა ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, აქტივისტთა ჯგუფს, სამოქალაქო მოძრაობებსა და მოლაპარაკებათა ფასილიტატორებს, საქართველოს ყველა მეგობარს რომლებიც მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს.

მიუხედავად იმისა რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მისთვის ხელის შესაშლელად, გავრილოვის ღამის შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესმა შედეგი გამოიღო. ეს შედეგი გარანტიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება უკონტროლოდ არ დარჩეს. ბიძინა ივანიშვილმა კომიკურ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, ოპოზიციაზე გამარჯვებად აცხადებს, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი თავის სურვილს არქმევს.

8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, უნდა შეწყდეს. გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია.

აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ევროპული საქართველო; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; რესპუბლიკური პარტია; ახალი საქართველო; ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი; ევროპული დემოკრატები; ქრისტიან კონსერვატიული პარტია; ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის; ემსახურე საქართველოს; ლეიბორისტული პარტია; გამარჯვებული საქართველო; მოძრაობა ლელო საქართველოსთვის; თავისუფალი დემოკრატები; საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის; სამართლიანობისთვის; კანონი და სამართალი; ეროვნულ დემოკრატიული პარტია.


close დახურვა