logo
ENG



რურუას სასამართლო პროცესი - დაცვის მხარე გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

18 მაი 202009:32
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია "მთავარის" მეწილის პროცესი საქალაქო სასამართლოში ერთ საათში დაიწყება. ბრალდების მხარე  იმ პატრულ-ინსპექტორებს და ექსპერტებს დაკითხავს , რონლებიც დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკაში მონაწილეობდნენ.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. უცნობია დაეთანხმება თუ არა  ამ შუამდგომლობას პროკურატურა. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურად გაიმართება. გიორგი რურუა პროცესს გლდანის ციხიდან, ვიდეოზარის საშუალებით დაესწრება. 

როგორც რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რურუა უკანონო პატიმარია.

„გაგრძელდება საქმის განხილვა. ბრალდების მხარეს სამი მოწმე ჰყავს გამოძახებული. აქედან ერთი პოლიციის თანამშრომელია და ორი ექსპერტი, რომლებიც ავტომობილის ჩხრეკაში იღებდნენ მონაიწლეობას. ამასთან, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავაყენოთ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, ვინაიდან გიორგი რურუა 18 ნოემბრიდან მოყოლებული უკანონო პატიმარია. ის ციხეში იმყოფება მხოლოდ იმიტომ, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. გამიჭირდება რაიმეს პროგნოზირება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

უფლებადამცველი ლევან სამუშია კი აცხადებს, რომ სასამართლოზე რურუას გათავისუფლების საკითხს დააყენებს დაცვის მხარე. 

„ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია. ჩვენი დასავლელი მეგობრები ღიად ითხოვენ დარჩენილი ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. დაცვის მხარის მიერ იქნება შესაბამისი შუამდგომლობა დაყენებული. ვნახოთ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი პოლიტპატიმარია“, - განაცხადა სამუშიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ის  უნდა გათავისუფლდეს.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ.

მათი თქმით, ელიან გიორგი რურუას შეწყალებასაც.


close დახურვა