logo
ENG



რურუას საქმეზე მოსამართლემ დღეს, შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანოს

29 ივლ 202010:59
3 წუთის საკითხავი
 

"მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მას შემდეგ რაც დაცვის მხარე და უშუალოდ გიორგი რურუა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, მოსამართლემ, შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანოს.

რურუას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ექსპერტიზის დასკვნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი რურუას ბრალეულობას არ ადასტურებს.

"შესაძლებელია დასრულდეს საქმის განხილვა. არც ისაა გამორიცხული, ამ პროცესზევე მოსამართლემ გამოაცხადოს გადაწყვეტილება. თუმცა, ცხადია, რომ წინასწარ დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია.

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც რურუას უდანაშაულობას ამტკიცებს. მტკიცებულებათა შორის არის ორი ექსპერტიზის დასკვნა. ერთი ექსპერტიზის თანახმად, ცეცხლსასროლ იარაღზე არ არის გიორგი რურუას ანაბეჭდები, ხოლო მეორე დასკვნის თანახმად, გიორგი რურუას ტანსაცმელზე არ გამოვლინდა მეტალიზაციის კვალი.

ეს დასკვნები ადასტურებს, რომ გიორგი რურუას შეხება არ ჰქონია ცეცხლსასროლ იარაღთან და ის პოლიციელებმა პოლიტიკური მოტივაციით ჩაუდეს", - აცხადებს საძაგლიშვილი.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. 

"ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. 

26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის ინიციატივით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სწორედ 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ რურუა კვლავ პატიმრობაშია და წერია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.


close დახურვა