მსჯავრდებულ გიორგი რურუას ცემის საქმეზე, გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა.
ბრალდებულები 16 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
გიორგი რურუას, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და რომლის გათავისუფლებასაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული ე.წ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ჯგუფურად 2 ნოემბერს დაესხნენ თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.