logo
ENG



რუს მოიჯარეებზე ხუმრობის გამო ბელარუსი კომიკოსის წინააღმდეგ მოსკოვში საქმის წარმოება დაიწყო

31 ივლ 202111:44
3 წუთის საკითხავი
 
რუს მოიჯარეებზე ხუმრობის გამო ბელარუსი კომიკოსის წინააღმდეგ მოსკოვში საქმის წარმოება დაიწყო

რუს მოიჯარეებზე ხუმრობის გამო ბელარუსი კომიკოსის წინააღმდეგ მოსკოვის პროკურატურამ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. კომიკოსს სიძულვილის გაღვივებასა და ღირსების შელახვას ედავებიან.

იდრაკ მირზალიზადე წარმოშობით აზერბაიჯანელია. 2021 წლის მარტში ერთ-ერთ იუმორისტულ შოუში ის ყვებოდა, ქსენოფობიის გამო რამდენად რთული იყო არასლავური გარეგნობის ადამიანებისთვის რუსეთში ბინის დაქირავება. კომიკოსი ამბობს, რომ მისი სიტყვები ტელეარხმა ცარგრადმა და კრემლის პროპაგანდისტმა წამყვანმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა კონტექსტიდან ამოჭრეს და გააკრიტიკეს. ამის გამო მან ათასობით მუქარისშემცველი შეტყობინება მიიღო. ორი ადამიანი კი თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხუმრობის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ივნისის ბოლოს მირზალიზადემ განმარტა, რომ ხუმრობა არის დაცინვა იმაზე, რომ ერთი ნეგატიური ინციდენტის გამო მთელ ერს განკითხავენ. 

"მე მთლიანად მოგიყვებით ხუმრობის ნაწილს, რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი. ამ გადაცემაში ვყვებოდი არასლავებისთვის საცხოვრებლის მოძებნის სირთულეებზე. 

ამასწინათ ბინას ვეძებდი და მე მაქვს სტრატეგია, როგორ ვესაუბრო უძრავი ქონების აგენტებს ისე, რომ ბინის დათვალიერებაზეც უარი არ მითხრან. მთავარი წესი - რაც შეიძლება მეტი სიტყვის თქმა სახელის გაჟღერებამდე, რათა აგენტმა დააფიქსიროს, რომ აქცენტის გარეშე ვსაუბრობ. თუ სახელს იქამდე ვიტყვი, აქცენტს თვითონ მიაბამს... რაც შეიძლება მეტ სიტყვას ვამბობ და მერე ვეუბნები, ისე მე იდრაკი მქვია. და უცბად, ჩნდება კითხვები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. აგენტი მეკითხება, იდრაკ საიდან ხართ? ვეუბნები ბელარუსის მოქალაქე ვარ, წარმოშობით აზერბაიჯანელი. იქიდან არის სახელიც. [აგენტი მეუბნება] სამწუხაროდ, აზერბაიჯანელებს ბინას არ ვაქირავებთ, მფლობელები სომხები არიან. თუმცა საბოლოოდ შევთანხმდით, ხალხი ნორმალური იყო, ნაციონალობის მიუხედავად ბინა მომაქირავეს.

თუმცა, როცა ახალ საცხოვრებელში გადადიხარ სახლში საეჭვო მზერებს აწყდები, რადგან არასლავები ქსენოფობებში მაინც გარკვეულ უნდობლობას იწვევენ და იმაზე უკეთესი უნდა ჩანდე მათ წინაშე, ვიდრე ხარ... აი, ასეთ ინციდენტს წავაწყდით მე და ჩემი ძმა - ბინიდან ვაგდებდით ჩა**ულ მატრასს. ამ დროს, წინა დამქირავებელი რუსი იყო. როგორც ჩანს, რუსები მძ**ერს ისვამენ და ისე წვებიან საწოლში. აი, ზუსტად ეს ფრაგმენტი, წინაპირობის გარეშე, რომ საერთოდ საუბარია საცხოვრებლის ძებნის პრობლემასა და ჩემ მიმართ ქსენოფობიაზე, ამოჭრეს და გაავრცელეს". - განმარტა მირზალიზადემ. 

პროკურატურამა დაასკვნა, რომ იდრაკ მირზალიზადემ საჯაროდ გაახმოავანა გამონათქვამი, რომელიც შეიცავს ეროვნული ნიშნით ადამიანთა ჯგუფის შეურაცხყოფას. კომიკოსს 20 ათას რუბლის ოდენობის ჯარიმა, 100 საათი საზოგადოებრივი სამუშაოები ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა