რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს. მოლაპარაკებები დღეს, 9 ოქტომბერს არის დანიშნული.
"ბაქო და ერევანი ადასტურებენ მათ მზადყოფნას, რათა მონაწილეობა მიიღონ მოსკოვში გასამართ კონსულტაციებში. შეხვედრა უკვე მზადდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები", - ამბობს ზახაროვა France24-ის ცნობით.
მანამდე, ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა.
დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია.
არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.