logo
ENG



რუსეთი 15 ქართულ კომპანიას უფლებას აძლევს, რუსეთში რძის პროდუქტები შეიტანოს

06 მარ 202214:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/2mqs15lf0r1dmq0.png

რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. 

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველმა, იულია მელანომ განაცხადა. 

"როსელხოზნაზორმა წამოიწყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მესამე ქვეყნების საწარმოების შეყვანა რეესტრში. მათ უფლება აქვთ, კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავიანთი პროდუქცია გაიტანონ. სიაში შესულია აზერბაიჯანის ერთი საწარმო და საქართველოს 15 საწარმო ( რძე და რძის პროდუქტები)". - თქვა მელანომ

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება 5 მარტს როსელხოზნაზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. აზერბაიჯანის მხრიდან რუსეთი სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებს ესაუბრა. 

ამ ინფორმაციის პასუხად საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მრავალი წელია, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

ქართული მხარე ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს. 

"2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართულ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტების და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.

ცხოველური წარმოშობის პროდუქციითვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად გასულ წელს, ევროპაში უპრენცენდო რაოდენობის თაფლია გასული". - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. თუმცა, საქართველო ამ ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს. 


close დახურვა