logo
ENG



რუსეთი ამბობს, რომ დააკავეს კაცი, რომელიც პროპაგანდისტის მანქანის აფეთქებასთანაა კავშირში

07 მაი 202300:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/06/o35vn2av5vv9sux.jpg

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს კაცი, რომელიც შესაძლოა კრემლის პროპაგანდისტის, ზახარ პრილეპინის ავტომობილის აფეთქებასთან იყოს კავშირში.

რუსეთის შს სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამ ეტაპზე მანქანის აფეთქებასთან შესაძლო შემხებლობაში მყოფ სხვა პირებს ეძებენ.

მათი ძებნა პოდმოსკოვიეში, პოლიციისთვის უკვე ცნობილ მისამართებზე ხორციელდება - შსს-ში ამტკიცებენ, რომ მიაკვლიეს ბინას, რომელშიც თითქოსდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააწყეს და რომელიც შემდგომში პროპაგანდისტის მანქანის ასაფეთქებლად გამოიყენეს.

რუსეთის ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ 30 წლის დაკავებული კაცი უკრაინელია და რუსეთის მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიიღო.

დღეს, ნიჟეგოროდის ოლქში [ნიჟნი-ნოვგოროდში] ააფეთქეს ავტომობილი, რომლითაც პროპაგანდისტი მწერალი, ზახარ პრილეპინი გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა პრილეპინის მძღოლი, ხოლო თავად პროპაგანდისტი დაშავდა და მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. სხვდასხვა წყაროს ინფორმაციით, ის კომატოზურ მდგომარეობაშია.

 

***

ზახარ პრილეპინი რუსი პროპაგანდისტია, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის ოკუპირებულ დონბასში იმყოფება. მას სხვადასხვა პერიოდში ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. თანამდებობები ეკავა, მათ შორის პრილეპინი იყო მაშინდელი დე ფაქტო ხელმძღვანელის "მრჩეველი", ხოლო 2017 წელს ის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის მოადგილე გახდა. 2018 წელს პრილეპინმა თანამდებობა დატოვა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში მან ფედერალური სამსახურის ეროვნულ გვარდიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს და დონბასში საომრად ჩავიდა.

მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა: კრემლის რიტორიკა უცვლელია - ზახაროვამ მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა, რომელსაც ზახაროვას თქმით, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი მართავენ.

 

 


close დახურვა