logo
ENG



რუსეთი აშშ-ის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

14 სექ 202322:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/ft6fjpb1tgc316n.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება შვიდ დღეში მოსთხოვა.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 14 სექტემბერს ელჩი ლინ ტრეისი გამოიძახეს და ოფიციალური ნოტა გადასცეს "დიპლომატიურ სტატუსთან შეუფერებელი საქმიანობის გამო". საუბარია აშშ-ის საელჩოს პირველ მდივანზე, ჯეფრი სილინსა და მეორე მდივანზე, დეივიდ ბერნსტაინზე.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი დიპლომატები კონტაქტს ინარჩუნებდნენ რუსეთის მოქალაქე რობერტ შონოვთან, რომელიც თითქოსდა ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ იღებდა დავალებებს, რომელთა მიზანიც რუსეთის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება იყო.

რობერტ შონოვი ვლადივოსტოკში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი იყო. მაისში ცნობილი გახდა, რომ ის დააკავეს. მას სხვა ქვეყანასთან კონფიდენციალურ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

გამოძიების თანახმად, შონოვმა, "რომელიც არ ეთანხმებოდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში განხორციელებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, დაამყარა კონფიდენციალური თანამშრომლობა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან მიმოწერით", რათა "დახმარებოდა მათ საქმიანობაში, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული". 

რუსული დაზვერვა ამტკიცებს, რომ შონოვი გასული წლის სექტემბრიდან აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის რეგიონებში მობილიზაციის, ადგილობრივი პრობლემებისა და მათი გავლენის შესახებ მოსახლეობის საპროტესტო აქტივობაზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მაშინვე უწყებაში განაცხადეს, რომ ინფორმაციას ის ჯეფრი სილინსა და დევიდ ბერნსტაინს გადასცემდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო შონოვის დაკავება და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. დეპარტამენტის ცნობით, შონოვი მუშაობდა ვლადივოსტოკში 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო 2021 წლის აპრილში საკონსულოს დახურვის შემდეგ მუშაობდა კომპანიაში, რომელთანაც გაფორმდა კონტრაქტი მოსკოვში აშშ-ს საელჩოს მომსახურების მიწოდებაზე.


close დახურვა