logo
ENG



რუსეთი ბელარუსში 10 - დღიანი სამხედრო წვრთნის გამართვას აპირებს

10 თებ 202209:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/10/m2ckhzq1u9kyia8.jpg
BBC

რუსეთი ბელარუსთან ერთად 10 დღიანი სამხედრო წვრთნის გამართვას აპირებს.

NATO-ში ამბობენ, რომ ამ წვრთნების ფარგლებში რუსეთი ბელარუსში ცივი ომიდან მოყოლებული ყველაზე დიდი ოდენობის სამხედრო ძალებით განთავსდება.

თეთრი სახლი ამ წვრთნებს ესკალაციის ქმედებას უწოდებს, უკრაინაში დაძაბულობის ფონზე.

გამოცემა guardian-ის ინფორმაციით, რუსი გენერლების უფროსი ვალერი გერასიმოვი ოთხშაბათს წვრთნების შესამოწმებლად ბელარუსში ჩავიდა.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ამას თავდაცვისთვის აკეთებს, თუმცა დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

რუსეთი ამტკიცებს, რომ NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება და კერძოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, მათ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომაც მოითხოვს, რომ NATO-მ უარი თქვას გაფართოებაზე და ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაზე, ამასთან, ჯარები გაიყვანოს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 1997 წლიდან გახდნენ ალიანსის წევრები.

მოსკოვის მოთხოვნების საპასუხოდ აშშ აცხადებს, რომ NATO-ში ახალი წევრების მიღება რუსეთის გადასაწყვეტი არაა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს გაატარებენ, რომელიც მძიმედ დაარტყამს ეკონომიკას. მკაცრი სანქციების გატარებას იზიარებენ ევროპის რიგი ქვეყნები. 

რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად აშშ-მ და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნეს. აშშ-მ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ევროპის აღმოსავლეთით გადაისროლა.

 

close დახურვა