რუსეთი საქართველოს ღია ცის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. განცხადებას სერგეი ლავროვის უწყება ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის 10-კილომეტრიან ზონაში სადამკვირვებლო ფრენებზე მოსკოვის უარი თბილისის „დესტრუქციულმა პოზიციამ" განაპირობა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამონისტროში აცხადებენ, რომ ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ტერიტორია რუსეთისთვის, ისევე როგორც რუსეთის მონაწილეობით მრავალეროვნული მისიებისთვის, ხელმიუწვდომელია.
შეთანხმების ფარგლებში მოსკოვი მზადყოფნას გამოთქვამს, კავკასიის საზღვრის გასწვრივ, 10-კილომეტრიან ზონებში, სადამკვირვებლო მისია იმ შემთხვევაში დაუშვას, თუ საქართველო რუსეთს თავის ტერიტორიაზე ფრენის ნებართვას მისცემს. მანამდე ვაშინგტონმა მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის სასაზღვრო ზოლის თავზე ფრენაში ხელის შეშლაში დაადანაშაულა.