რუსეთი ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციას ეხმაურება და სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:
"არსებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. საზღვარზე ორივე მხარე ინტენსიურ დაბომბვებს ახორციელებს. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და დაიწყონ მოლაპარაკებები სიტუაციის დასტაბილურებისთვის".
ასევე, სერგეი ლავროვი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზოჰრაბ მნაცაკანიანს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მნაცაკანიანთან ლაპარაკში ლავროვმა შეშფოთებას გამოხატა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო და რომ რუსეთი, ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად, განაგრძნობს შუამავლის როლის შესრულებას, სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით.
სომხეთმა დღეს, 27 სექტემბერს, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რამდენიმე საათით ადრე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.
ოფიციალური აზერბაიჯანი კი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალივვს თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.