logo
ENG



რუსეთის თავდაცვამ ორ ოკეანესა და სამ ზღვაში სწავლება დაიწყო

10 სექ 202411:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/10/00hhqhoplr84nvq.jpg

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა სტრატეგიული სწავლება "ოკეანე-2024" დაიწყო. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, მანევრები წყნარი და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ასევე, ხმელთაშუა, კასპიისა და ბალტიის ზღვების აკვატორიებში ჩატარდება.

სამინისტროს განცხადებით, სწავლებაში ჩართული იქნება 90 ათასზე მეტი სამხედრო, 400-ზე მეტი საბრძოლო გემი, წყალქვეშა ნავი და დამხმარე ფლოტის დამხმარე გემები, საზღვაო და საჰაერო კოსმოსური ძალების საზღვაო ავიაციის 120-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 7000 ერთეული იარაღი, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა.

რუსეთის თავდაცვის ინფორმაციით, მანევრებში ჩართულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოპერატიული ჯგუფები, ეროვნული გვარდიისა და დაცვის ფედერალური სამსახურის ჯარები, ასევე "სამხედრო კონტინგენტები რუსეთის ფედერაციის უცხოელი პარტნიორი ქვეყნებიდან".

წვრთნებს, კოდური სიტყვით "ოკეანე", 1970-იან-1980-იან წლებში სსრკ-ს საზღვაო ფლოტი ატარებდა. მანევრები, რომლებიც 1970 წელს ჩატარდა და რომლებიც ლენინის დაბადების 100 წლისთავს მიეძღვნა, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო-საზღვაო მანევრები იყო.

დაგეგმილი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება "ოკეანე-2024" 10 სექტემბერს დაიწყო და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


close დახურვა