რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 ივლისიდან მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად განიხილება.
უწყებაში დასძინეს, რომ ასეთი გემების დროშის ქვეყნები "უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულებად" მიიჩნევა.
17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია მარცვლეულის მიწოდება შავი ზღვის დერეფნის გავლით გააგრძელოს. კრემლმა უპასუხა, რომ მხარეებმა, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების განხორციელება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტი საბრძოლო ზონის მახლობლად გადის.