6 მარტს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი დმიტრი ოლისოვი ირანის საელჩოში მივიდა და ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
"საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის სახელით და პირადად ჩემი სახელით ირანელი ხალხის მიმართ უღრმეს მწუხარებას გამოვხატავ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მრავალი უდანაშაულო მოქალაქის ცინიკური მკვლელობის გამო. დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ჩვენი ფიქრები ირანელ ხალხთანაა",- თქვა დმიტრი ოლისოვმა.
