logo
ENG



რუსეთის მასობრივი თავდასხმის შემდეგ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება მოითხოვა

23 ნოე 202222:23
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთის მასობრივი თავდასხმის შემდეგ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება მოითხოვა

უკრაინაზე ოკუპანტების ბოლო მასობრივი თავდასხმის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრება მოითხოვა, რასაც საბჭო დათანხმდა და სხდომა ჩანიშნა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება ტერორია. მისი თქმით, უკრაინა ამ დანაშაულებზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამის პასუხს ითხოვს.

დღეს რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა, ოკუპანტებმა დაბომბეს კიევიც. ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ კიევის რეგიონში, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელ სექტორი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ კიევის რეგიონში 4 ადამიანი დაიღუპა.

მასობრივ თავდასხმებს ზელენსკი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურაზე, ელექტროენერგიასა და უბრალო ადამიანებზე 67 რაკეტის გამოყენებით რუსეთმა მთელი მსოფლიოსთვის დაამტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა.

დღეს ევროპარლამენტის კანონმდებლებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნეს - ამასთან, აღიარეს სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ევროკავშირს ოფიციალურად არ შეუძლია სახელმწიფოები ტერორიზმის სპონსორებად გამოაცხადოს, ევროპარლამენტი მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაატარონ შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოები და რუსეთის ამ სიაში შეყვანა განიხილონ. მათი თქმით, ეს მოსკოვის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას შეუწყობს ხელს.

დეპუტატები საბჭოს მოუწოდებენ, რომ EU-ს ტერორიზმის სიაში შეიყვანონ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი, ასევე ე.წ. კადიროველები და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა სამხედრო ჯგუფები. მათივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი მეტად უნდა იზოლირდეს, მათ შორის ეს უნდა შეეხოს საერთაშორისო ორგანიზაციებში მის წევრობას.


close დახურვა