რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოფიციალურ მოსკოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთს კომპენსაციის გადახდა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს.
„მას აქვს მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი დარჩენილი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რუსეთი ამბობს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს კი არ უნდა ჩავურიცხოო, არამედ საქართველომ უნდა მითხრას ეს თანხა ვისზე განაწილდება. სია წარდგენილი გვაქვს, მაგრამ ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რომ მანდ ზოგიერთი ადამიანი არ არის ნამდვილად მსხვერპლი და ა.შ. კარგია რომ ყველა ჯერზე საჯარო დებატებს ვითხოვთ და მოთხოვნა კმაყოფილდება. რამდენიმე დღის წინაც მინისტრთა კომიტეტმაც შეახსენა რუსეთს, რომ გადახდა არის უპირობა", - ამბობს წულუკიანი.
ვალდებულებების აუცილებელ შესრულებაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაიაც. მისი თქმით, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს დროის გაწელვას.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რუსეთი თავს არიდებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. პირველ რიგში უნდა მოხდეს კომპენსაციის გადახდა", - აღნიშნა ბერაიამ.
საკითხს ასევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი, რომელივ ამბობს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა გააგრძელოს.
"რუსეთის ფედერაციას არ სურს ამ ვალდებულებების შესრულება. ახლა ეძებს მიზეზებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება", - განაცხადა ბურჯალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მოსკოვი საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხზე პირობებს აყენებს. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.