logo
ENG



რუსეთის პროკურატურა Meta-ს ექსტრემისტად გამოცხადებასა და რუსეთში დაბლოკვას ითხოვს

11 მარ 202216:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/u0v4bfs7fdljfny.jpg
Alexey Maishev / RIA Novosti

რუსეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, რომ ამერიკული კომპანია Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს და რუსეთში მისი მოქმედებები დაიბლოკოს.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რუსეთში Facebook და Instagram ასევე დაიბლოკება.

რუსმა დეპუტატმა ანდრეი კლიშასმა განმარტა, რომ შეზღუდვა არ შეეხება WhatsApp-ს, რადგან მისი თქმით ეს "კომუნიკაციის საშუალებაა და არა ინფორმაციის გავრცელების პლატფორმა". 

პროკურატურის თქმით, ეს არის პასუხი იმ ფაქტზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში Meta-მ დაუშვა "სიძულვილის ენის" გამოყენება რუსეთის ხელისუფლებისა და ჯარის წინააღმდეგ, თუმცა არა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.  

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთავარი გამოძიების დეპარტამენტმა მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის დაწყება Meta-ს თანამშრომლების წინააღმდეგ, ვინც მათი თქმით, პლატფორმებიდან საზოგადოებას რუსეთის მოქალაქეებზე ძალადობისკენ მოუწოდებენ.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი გამოძიების დეპარტამენტმა მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის დაწყება, რუსეთის მოქალაქეებზე ძალადობისა და მკვლელობის იმ არალეგალური მოწოდებების შესახებ, რასაც ამერიკული კომპანია მეტას თანამშრომლები ავრცელებენ.

Meta-ს სპიკერმა ენდი სტოუნმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Meta თავის პლატფორმებზე დროებით აუქმებს შეზღუდვებს რუსული ჯარისადმი ძალადობრივი შინაარსის მოწოდებებზე და ამას პოლიტიკური გამოხატვის ფორმას უწოდებს.

ეს ქმედებები რუსეთის ფედერაციის კრიმინალური კოდექსის 280-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს (ექსტრემისტული ქმედებებისადმი საჯარო მოწოდება და ტერორისტული საქმიაანობაში დახმარება).

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, აუცილებელი საგამოძიებო ზომები მიღებულია, რათა სამართლებრივად შეფასდეს ენდი სტოუნის და ამერიკული კორპორაციის სხვა თანამშრომლების ქმედებები“ - წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Reuters-ის ინფორმაციით Facebook და Instagram ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებს დროებით მისცემს საშუალებას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. 

Meta ასევე დროებით დაუშვებს ისეთ პოსტებს, რომელიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა და პოლონეთი.


close დახურვა