რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის მეთაურზე, მამუკა მამულაშვილზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით გამოაცხადა რუსეთის შსს-მ მამულაშვილზე ძებნა.
როგორც Tass-ი წერს, მიმდინარე წლის ივლისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მამულაშვილი და კიდევ 70-ზე მეტი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
მანამდე რუსეთის უწყებაში ამბობდნენ, რომ მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ 2 საქმეა აღძრული: დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირება და სამხედროების მიმართ სიძულვილის გაღვივება.
Tass-ის ცნობით, ბოლო მუხლით [სამხედროების მიმართ სიძულვილის გაღვივება] საქმის აღძრა უკავშირდება მამულაშვილის განცხადებას, რომელიც მან რუსულ მედიასთან გააკეთა. კერძოდ, მამულაშვილმა თქვა, რომ ქართული ლეგიონი რუს სამხედროებს ტყვედ არ აიყვანს, "რაც რუსეთში ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების მკვლელობის განზრახვად აღიქვეს".
მოგვიანებით მამულაშვილმა თავის განცხადებაც განმარტა და აღნიშნა, რომ ტყვედ არაყვანაში ტყვეების უკრაინული მხარისთვის გადაცემა იგულისხმება.
"რაც შეეხება ჩემს სიტყვებს, რომ რუსებს ტყვედ არ ავიყვანთ, მანდ სხვა ინტერპრეტაცია იყო. მე ვთქვი, რომ ქართული ლეგიონი ტყვეებს არ იყვანს. ჩვენ გადავცემთ მათ უკრაინულ მხარეს და შესაბამის უწყებებს, რომლებიც სამხედრო ტყვეების აყვანაში კომპეტენტურები არიან", - თქვა მამულაშვილმა.