უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, რუსეთისა და ბელარუსის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქონებას ჩამოართმევენ.
კანონის ფარგლებში - ხსენებულ პირებს ქონება სრულად ჩამოერთმევათ, და არა მხოლოდ მათი განკარგვა შეეზღუდებათ, როგორც ეს კლასიკური სანქციების დროს ხდება. ქონებას ჩამოართმევენ ასევე იმ პირებს, რომლებიც მას ირიბად განკარგავენ, ასევე ვინც უკვე შეყვანილია სასანქციო სიაში. კანონი ძალაში იქამდე იქნება, სანამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
კანონის მიხედვით, ჩამორთმეული ქონება უკრაინის აღდგენასა და თავდაცვისუნარიანობას მოხმარდება. როგორც უმაღლეს რადაში ამბობენ, ქონების კონფისკაცია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზეც მოხდება და ამისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება იქნება საჭირო. მათივე თქმით, სუბიექტების წრე იქნება საკმაოდ ფართო. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ 11 141 ფიზიკური პირი გამოავლინა და ასევე 2 976, რომლებიც სასანქციო სიაში მოჰყვებიან.
რადაში ამბობენ, რომ კონფისკაცია შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნეს, ან მხარს უჭერდნენ ომს.