21 ივლისის ღამით რუსმა ოკუპანტებმა კალიბრის ტიპის რაკეტებით ოდესის სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის ოპერაციული სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია გუმენიუკი ამბობს, რომ რაკეტები მოხვდა მარცვლეულის საწყობებსა და შენობას, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ინახებოდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
"მტერი აგრძელებს ტერორს და ეს უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან. ამ ღამით მტერი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაესხა თავს, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურება სცადა. პირდაპირ [დაარტყა] მარცვლეულის შესანახ საწარმოს, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ინახებოდა", - განაცხადა ნატალია გუმენიუკმა.
ოპერაციული სარდლობის სპიკერის თქმით, რაკეტები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, რის გამოც ისინი გვიან დააფიქსირეს. მან აღნიშნა, რომ ორი რაკეტის დარტყმის შემდეგ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რის შემდეგაც მესამე რაკეტაც ჩამოვარდა.
17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია მარცვლეულის მიწოდება შავი ზღვის დერეფნის გავლით გააგრძელოს. კრემლმა უპასუხა, რომ მხარეებმა, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების განხორციელება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტი საბრძოლო ზონის მახლობლად გადის.
19 ივლისს რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.