logo
ENG



რუსეთმა პაველ დუროვს დაუსწრებლად ბრალი წაუყენა და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

29 ივლ 202611:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/29/yxe6pnhos4r6f2y.jpg

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) პლატფორმა Telegram-ის დამფუძნებელს, ბიზნესმენ პაველ დუროვს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი და მას საერთაშორისო ძებნა გამოუცხადა. საქმე ეხება „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობას“.

ФСБ-ს მტკიცებით, Telegram-ის ადმინისტრაციამ დაარღვია რუსეთის კანონმდებლობა, რადგან არ წაშლა „მრავალრიცხოვანი არხები, ჩატები და ბოტები“.

უწყების განცხადებით, პლატფორმას „უკრაინული სპეცსამსახურები, ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციები“ იყენებენ რუსეთში დივერსიული აქტებისა და მასობრივი მკვლელობების კოორდინაციისთვის.

რუსული სპეცსამსახურები ირწმუნებიან, რომ უკრაინის სპეცსამსახურები Telegram-ის პოპულარულ გაცნობის ბოტს, „დაივინჩიკს“ იყენებენ ახალგაზრდების მოსატყუებლად და დივერსიულ საქმიანობაში ჩასართავად.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, რომლითაც დუროვს ბრალი წაუყენეს, 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პაველ დუროვი წლებია რუსეთში აღარ ცხოვრობს და ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, აღნიშნული საქმის დეტალები უკვე რამდენიმე თვეა მედიის ყურადღების ცენტრშია:

რუსული სახელმწიფო მედია ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში წერდა, რომ ФСБ დუროვის წინააღმდეგ ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით იძიებდა საქმეს, რაც თავად დუროვმაც დაადასტურა.

შეზღუდვები Telegram-ზე: წლის დასაწყისიდან რუსეთის ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვა. ამასთან, Telegram-ის ნაწილობრივმა ბლოკირებამ კრიტიკა გამოიწვია კრემლის მომხრე ე.წ. „სამხედრო ბლოგერებისგანაც“, რადგან პლატფორმას აქტიურად იყენებენ ფრონტზე მყოფი რუსი სამხედროები.

კრემლის პოზიცია: 27 ივლისს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მესენჯერზე წვდომის აღდგენის საკითხზე კონტაქტები გრძელდება, თუმცა თავად Telegram-ის მხრიდან „დიდი აქტიურობა არ ფიქსირდება“.


close დახურვა