logo
ENG



რუსეთმა სანქცირებული Red Wings-ის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

16 აგვ 202317:12
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ავიაკომპანია Red Wings-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღძრა. დღეს, 16 აგვისტოს საქმე სახიფათო მომსახურების მიწოდების მუხლით აღიძრა, მანამდე კი, საქმე აღძრული იყო მომსახურების არასათანადოდ შესრულებისთვის.

რამდენიმე დღის წინ, რუსული სანქცირებული ავიაკომპანია Red Wings-ის ორი თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ Red Wings-ს სულ 3 Boeing 777 ჰყავს.

თვითმფრინავები ასრულებდნენ რეისებს ეკატერინბურგი-ანტალია და ანტალია-ეკატერინბურგი, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, ორივე Boeing 777 მწყობრიდან გამოვიდა და რეისები გადაიდო. ტურისტებს თურქეთში, ანტალიაში ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მოუწიათ შეყოვნება.

მოგვიანებით, კომპანიამ რეისების გაუქმების თავიდან ასაცილებლად IKAR-ის თვითმფრინავი ითხოვა, რის შემდეგაც გადადებული რეისები შესრულდა. 

პირველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ 12-14 აგვისტოს ფრენების შეფერხებას უკავშირდება. საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ "მგზავრებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ არაკომფორტულ პირობებში ყოფნა და გამგზავრების მოლოდინი".

დღეს კი Red Wings-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იმის გამო აღიძრა, რომ 13 აგვისტოს კომპანიამ ანტალიიდან მგზავრების ჩამოსაყვანად გაუმართავი თვიმთფრინავი გაგზავნა, რომლის ბორტზეც არ მუშაობდა კონდენციონერი, რამაც მგზავრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაწესებული სანქციების გამო რუსული ავიაკომპანიები სანქციებში მოექცნენ. ისინი ევროპული და ამერიკული მწარმოებლებისგან თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გარეშე დარჩნენ.

***

ივნისში Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Red Wings-ი უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებების მიერ არის სანქცირებული.


close დახურვა