logo
ENG



რუსეთში 77 წლის ფიზიკოსს EU-სთან თანამშრომლობისთვის 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

23 მაი 202413:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/23/n3t6k1clxfc7k0i.jpg

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 77 წლის რუს ფიზიკოსს ანატოლი მასლოვს, რომელიც ჰიპერბგერით რაკეტებზე მუშაობდა, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სასამართლომ 21 მაისს გამოაცხადა.

რუსეთის ხელისუფლება ფიზიკოსს ბრალად სდებს "რუსეთში ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების შესახებ საიდუმლოების საზღვარგარეთისთვის გამჟღავნებას". მეცნიერი 2022 წლის ივლისში დააკავეს. FSB-ს თანახმად, ფიზიკოსმა 2014 წელს გერმანიის დაზვერვას გადასცა საიდუმლო სამეცნიერო მასალები, დაკავშირებული ჰიპერბგერებთან.

ანატოლი მასლოვი იყო ფიზიკოსი, მკვლევარი ხრისტიანოვიჩის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია.

სამეცნიერო ჟურნალისტი T-Invariant-ის სტატიის თანახმად, ფიზიკოსის დაპატიმრება მეტად უკავშირდებოდა მის მონაწილეობას ევროკავშირის ჰიპერბგერითი იარაღის კვლევის პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

სასამართლო დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. პროკურატურა მეცნიერისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17-წლიან პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატმა თქვა, რომ მეცნიერი ვერ შეძლებს სასჯელის ნახევრის მოხდასაც კი, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ფიზიკოსმა განაჩენის გამოცხადებამდე, თავის ბოლო სიტყვაში თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ანატოლი მასლოვის ქმედებები არ შეიცავს დანაშაულს. ადვოკატი ამბობდა, რომ ფიზიკოსმა უბრალოდ, როგორც ყველა მეცნიერი აკეთებს, გააზიარა საკუთარი ინფორმაცია და მისივე თქმით, მას არ გადაუცია იმგვარი დოკუმენტები, რაშიც ადანაშაულებენ და ისინი არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.

რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელი ანატოლი მასლოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში 2022 წლის ივლისიდან იმყოფება. მიმდინარე წლის თებერვალში მას გულის შეტევა ჰქონდა. მისი შვილის თქმით, ფიზიკოსის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული სტრესის ფონზე. მან თქვა, რომ თავდაპირველად გულის შეტევის შესახებ ინფორმაციის მედიისთვის დამალვა სურდათ, რათა ამის შესახებ მის ცოლს არ გაეგო. მოგვიანებით, შვილმა თქვა, რომ ფიზიკოსს "მედიკამენტებით მკურნალობდნენ".

2018 წლიდან რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, სულ მცირე, 12 მეცნიერი დააკავეს, რომლებიც ჰიპერბგერითი კვლევების დარგში იყვნენ ჩართული. რამდენიმე მათგანი უკვე გარდაიცვალა. ანატოლი მასლოვისა და სხვა მეცნიერების დაკავების შემდეგ, კოლეგა მეცნიერებმა მათი გათავისუფლების მოთხოვნით კოლექტიური წერილი დაწერეს.

უფლებადამცველები ყველა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ჰიპერბგერების თემასთან არის დაკავშირებული, გაყალბებულად მიიჩნევენ. საქმეების აღძვრაში ისინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირად ინტერესებს ხედავენ, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ მხოლოდ რუსეთი ფლობს ჰიპერბგერით იარაღს.


close დახურვა