რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კრიტიკული არხი TV Rain უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა. სიაში მოხვდა გამოცემა მნიშვნელოვანი ისტორიები და მისი რედაქტორი რომან ამინი, ასევე, 7 ჟურნალისტი.
TV Rain-ის მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიაკო ამბობს, რომ არ იყო ინფორმირებული სიაში შეყვანის შესახებ. TV Rain მთავარი დამოუკიდებელი არხია რუსეთში და დიდი ხანია ზეწოლას განიცდის.
"არაფერი მაქვს სათქმელი გინების გარდა", - ამბობს TV Rain-ის გენერალური დირექტორი, ნატალია სინდეევა. მისი თქმით, რედაქციამ არ იცის, რის საფუძველზე მიიჩნიეს ისინი უცხო ქვეყნის აგენტად:
"თუმცა ნათელია, რომ ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო".
გამოცემა მნიშვნელოვანი ისტორიები ჟურნალისტური გამოძიებებით არის დაკავებული. ისინი როსნეფტზე და პუტინის სიძეზე წერდნენ. პროექტი 2020 წლის აპრილში ჩაეშვა და მას ნოვაია გაზეტას ყოფილი ჟურნალისტ-გამომძიებელი, რომან ამინი ხელმძღვანელობს.
რედაქციაში აცხადებენ, რომ უცხო აგენტების სიაში არყოფნა "უხამსობაა".
"დაარსების დღიდან ჩვენი მკითხველისთვის არ დაგვიმალავს, რომ საზღვარგარეთ ვართ დარეგისტრირებული. გავაკეთეთ ეს იმისთვის, რომ თავისუფლები ვყოფილიყავით... რაც შეეხება თვითონ უცხო ქვეყნის აგენტების სიას, აქ იმდენი წესიერი ადამიანი და გამოცემაა, ამ სიაში არყოფნა უბრალოდ უხამსობაა", - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.
უცხო ქვეყნების აგენტების მედიასია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ადგენს, უკვე 45-მდე გაიზარდა, ამათგან 25 ფიზიკური პირია. 2021 წლის აპრილიდან სიაში შეიყვანეს გამოცემა მედუზა, რითაც თითქმის ყველა სარეკლამო შემოსავალი დაკარგა; პირველი ანტიკორუფციული მედია; VTimes, რომელიც სიაში შეყვანიდან მალევე დაიხურა; The Insider; ასევე, პროექტის, რადიო თავისუფლებისა და ოტკრიტიე მედიას ზოგიერთი ჟურნალისტი.