logo
ENG



რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთის ზოგ ტერიტორიაზე მწერებს დაავადებები გადააქვთ

08 აპრ 202216:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/08/91rb4zwph6qmlv8.png

რუსეთში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს წარმოადგენს, რადგან საქართველოდან რუსეთში მწერებს დაავადებები გადააქვთ.

ამ თემაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა პრეზენტაცია გამართა.

"რეგიონში, სადაც მდებარეობს ლუგარის ცენტრი, განსაკუთრებით უარესდება მდგომარეობა დაავადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ვრცელდება გადამტანი მწერებით. 

ევროპული დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა სახეობის კოღოების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ზოგიერთ ტერიტორიაზე", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ტკიპების გავრცელებამ გამოიწვია "ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში".

როგორც რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა Tass წერს, კირილოვმა, ასევე წარმოადგინა ისიც, რომ 2007 წლიდან აფრიკული ღორის ჭირი საქართველოდან რუსეთში, ევროპულ ქვეყნებსა და ჩინეთში გავრცელდა.

"ხსენებული ქვეყნების ტერიტორიებზე ცხოველების სინჯებში აღმოაჩინეს ASF-ის ვირუსის შტამი, რომელიც იდენტურია "საქართველო-2007"-ის შტამისა. დიდი ალბათობით, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აფრიკული ღორის ჭირის შტამი იყო შექმნილი ერთ-ერთ ბიოლაბორატორიაში, რომელიც პენტაგონის დაქვემდებარებაშია".

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება.

2020 წლის ივლისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მათ მიერ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ ე.წ. საზღვარი ღამურების დასაჭერად გადაკვეთა. 

დე ფაქტო რეჟიმის განცხადებით, დაკავებული ე.წ. საზღვრის მიზეზს ღამურების დაჭერით ხსნის და ამბობს, რომ მათ რეალიზებას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 5 ათას დოლარად გეგმავდა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ დესტაბილიზაცია შეიტანოს საზოგადოებაში და მოხდეს ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაცია.

"აშკარაა, რომ ეს არის მორიგი სუსტი მცდელობა დაბნეულობის შესაქმნელად და იმ ნდობის გასანადგურებლად, რომელიც ქართველებს აქვთ ლუგარის ცენტრში მიმდინარე სამუშაოების მიმართ. დილით ვიმყოფებოდი ზუსტად და სამუშაოები მართლაც შთამბეჭდავია. ეს ნამდვილად ის ადგილია, რომლითაც ქართველებმა უნდა იამაყონ", - თქვა მან.


close დახურვა