logo
ENG



რუსეთში გენშტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ვადიმ შამარინი დააკავეს

23 მაი 202414:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/23/e4l8yxpdweec79q.jpg

რუსეთის სამხედრო სასამართლომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე და კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსი ვადიმ შამარინი დააკავა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები 235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლოზე დაყრდნობით, რომელმაც ვადიმ შამარინის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, იუწყებიან, რომ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს წარმომადგენელმა რუსულ სამთავრობო მედია TASS-ს განუცხადა, რომ ვადიმ შამარინს 22 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გენშტაბის უფროსის მოადგილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაზეთმა კომერსანტმა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ ვადიმ შამარინის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ბოლო კვირების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მაღალჩინოსანი დააკავეს. პირველი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი, რომელიც 1 მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მალავე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მართვის დეპარტამენტის უფროსი იური კუზნიცოვი.

ასევე, რუსეთმა 17 მაისს თაღლითობის საქმეზე რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი გენერალური ივან პოპოვი დააკავა. აღსანიშნავია, რომ ივან პოპოვი თანამდებობიდან 2023 წლის 13 ივლისს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა რუსი ჯარისკაცების ღალატში დაადანაშაულა, არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.

ვადიმ შამარინი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსად 2021 წელს დანიშნეს. როგორც კომერსანტი წერს, მისი წინამორბედი ამ თანამდებობაზე - ხალილ არსლანოვი 2020 წელს მსგავსი ბრალდებით დააკავეს.


close დახურვა