logo
ENG



რუსეთში ებრაული ორგანიზაციის დახურვას აპირებენ, მოსკოვში ისრაელის დელეგაცია ჩავა

21 ივლ 202220:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/2qyxub4r0nhmwh0.png

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ებრაული სააგენტო სოხნუტის დახურვას აპირებს. აღნიშნული სააგენტო მსოფლიოს მასშტაბით ებრაელების რეპატრიაციით არის დაკავებული, ასევე აწყობს სპეციალურ ბანაკებს, საგანმანათლებლო კურსებს და აკავშირებს ებრაელებს მთელ მსოფლიოში. სააგენტო 1929 წელს დაარსდა, ხოლო რუსეთში 1989 წლიდან მოღვაწეობს.

როგორც გაირკვა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ბოსმანის სასამართლოს, რათა სოხნუტის სააგენტო დახურონ. უწყებაში ამბობენ, რომ ორგანიზაციამ რუსეთის კანონმდებლობა დაარღვია, თუმცა კონკრეტულად რა დარღვევაზეა საუბარი უცნობია.

მედიის ინფორმაციით, სააგენტოს დახურვა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა. თავის მხრივ ებრაული მედიის ცნობით, კრემლი სააგენტოსგან მის საქმიანობასა და რუსეთიდან ისრაელში გადასვლის მსურველთა შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა, რაზეც ორგანიზაციამ უარი განაცხადა. ებრაული მედია წერს, რომ რუსეთმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნები გაამკაცრა და ამით ცდილობდა მისი მუშაობის ჩიხში შეყვანას.

აღსანიშნავია, რომ სოხნუტში თავადაც განიხილავდნენ სააგენტოს დახურვას. თვის დასაწყისში ორგანიზაციამ კრემლისგან მიიღო წერილები, სადაც რუსეთის ხელისუფლება მათ მოღვაწეობას აკრიტიკებდა.

ებრაული გამოცემა Ynet წერს, რომ უახლოეს დღეებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვში ისრაელის დელეგაცია ჩავა, რათა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი განიხილონ. ებრაული მხარე ამბობს, რომ ორგანიზაციის დახურვის არანაირი დამაკმაყოფილებელი და "კანონიერი მიზეზები არ არსებობს, ამიტომ საკითხის მოგვარებას დიპლომატიური გზით შეეცდებიან".

სასამართლო სხდომა ამ საკითხზე 28 ივლისს არის დაგეგმილი. 


close დახურვა